ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, როგორც ევროკავშირის დახმარებათა ეროვნულმა კოორდინატორმა, საქართველოს მთავრობის სახელით და ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ თბილისში ხელი მოაწერეს ევროკავშირის დახმარების ეროვნული ინდიკატური პროგრამის 2012 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის („საქართველოში ინსტიტუციონალური განვითარების ინსტრუმენტების განხორციელება") საფინანსო შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
საფინანსო შეთანხმებით განსაზღვრული 20 მილიონი ევრო მოხმარდება საქართველოს სახელმწიფო უწყებებში დაგეგმილი ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების დაფინანსებასა და ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის (CIB) განხორციელებას. საფინანსო შეთანხმება ითვალისწინებს იმ სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით და სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგში.