ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, უარს აცხადებს. აიათოლას განცხადებით, ასეთი მოლაპარაკებები „არაფერს წყვეტს". ამ ინფორმაციას სააგენტო „ფრანსპრესი" ავრცელებს.
„თქვენ, ამერიკელებს გსურთ მოლაპარაკებების წარმოება, ირანზე სამხედრო თავდასხმის პარალელურად. ირანელი ხალხი ასეთ ქმედებებს არ დაუშვეს და არ შეშინდება. ზოგს უხარია მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს მოლაპარაკებები ვერაფერს შეცვლის", - ციტირებს სააგენტო ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი ლიდერის სიტყვებს.
გასულ კვირას, მიუნხენის კონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თანახმაა ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
აშშ, ისრაელი და დასავლეთის რიგი ქვეყნები ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაზე ადანაშაულებენ. ამ დროისათვის, ირანის წინააღმდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ოთხი რეზოლუცია არსებობს, სანციების შესახებ. საერთაშორისო საზოგადოება ისლამური რესპუბლიკისაგან ბირთვული პროგრამის მშვიდობიან მიზნებში დარწმუნებას ითხოვს.