ასლან უსოიანის სავარაუდო მკვლელი, რომლის "ბრალეულობა" თავად მისივე კლანის წევრებმა "დაამტკიცეს", აზერბაიჯანელი ე.წ. კანონიერი ქურდი როვშან ჯანიევი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ "იზვესტია" ავრცელებს. მასზე თურქეთში თავდასხმა განხორციელდა და იგი სტამბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცავ ორგანოებში არსებული წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანიევი მრავალრიცხოვანი დაცვით დადიოდა ქილერებმა მაინც მოახერხეს მისი და მისი დაცვის წევრების დაცხრილვა.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ამჟამად სპეცსამსახურები თურქეთის პოლიციაში მოთხოვნას გააგზავნიან იმისათვის რათა მათ ეს ფაქტი ოფიციალურად დაადასტურონ. თავად, ამ მკვლელობის გამოძიება თურქეთში წარიმართება.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ რომ დედ ჰასანის მომხრეებმა საკუთარი გამოძიება დაასრულეს და თავიანთი ლიდერის მკვლელობაში ე.წ. კანონიერი ქურდი როვშან ჯანიევი დაადანაშაულეს მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასა და მისი კლანის წევრებს განაჩენი უკვე გამოუტანეს. ოპონენტების განადგურება უკვე დაწყებულია. მოსკოვში მოკლულია როვშანის "მარჯვენა ხელი" რუფატ ნასიბოვი ზედმეტსახელად რუფო გიანჟანსკი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ კვირის განმავლობაში დედ ჰასანის კლანის წევრებმა მხოლოდ მოსკოვში უკვე ოთხი ე.წ. ქურდული შეკრება ჩაატარეს.
სულ ორი კვირის განმავლობაში ჩატარებულ ე.წ. ქურდულ შეკრებებში რამდენიმე ასეულმა ე.წ. ქურდმა და "ავტორიტეტმა" მიიღო მონაწილეობა. ამ შეკრებების დროს განსახილველი იყო მხოლოდ ორი საკითხი - "ვინაა დამნაშავე?" და "რა ვქნათ?". პირველი კითხვის ირგვლივ დიდი გარჩევა არ ყოფილა - მათ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადჰყო, რომ ამ დანაშაულის უკან ე.წ. კანონიერი ქურდი როვშან ჯანიევი დგას. ფაქტობრივად ჩატარებულ შეკრებებზე მასა და მისი კლანის წევრებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.