პირად ცხოვრებაზე ჭორაობა ღირსებას არავის სძენს და ასეთ სისულელეებზე საუბარი ერთმანეთს არ უნდა ვაკადროთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მნისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
"მე ძალიან მინდა, გთხოვოთ თქვენ, ჟურნალისტებს განსაკუთრებით, რომ ასეთ სისულელეებზე საუბარს ნურც ერთმანეთს ვაკადრებთ და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ისეთი გარდაქმნები, ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ საზოგადოებისთვის რეალურად რაც არის საყურადღებო, გთხოვთ იმაზე გაამახვილოთ ყურადღება. ასეთი სპეკულაციები, ასეთი ჭორიკნობა ღირსებას არ სძენს არავის, აქედან გამომდინარე პრემიერმა ძალიან კარგად თქვა ამის შესახებ, ამით დაკავებული იყო წინა ხელისუფლება. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა იმიტომ ჰქონდა, რომ ასეთი ჭორებისთვის და პირად ცხოვრებაში ჩარევის გაღიზიანების გამო, უნდოდათ დაესრულებინათ ის პრაქტიკა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ასეთ სისულელეებზე მეორედ კითხვას ნუ დამისვამთ", - განაცხადა ალასანიამ.