სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სურსათის უვნებლობის კოდექსის შემუშავებაზე დაიწყო მუშაობა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, დაწყებულია ასევე ცვლილებებისა და დამატებების შემუშავება ვეტერინარიის კანონში შესატანად. გარკვეული ცვლილებები შევა ასევე, მცენარეთა დაცვის კანონში. აღსანიშნავია, რომ 2013 წლისთვის სურსათის უვნებლობის ბიუჯეტი 3 მლნ ლარიდან 15,7 მლნ ლარამდე გაიზარდა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, უკვე შემუშავდა მიზნობრივი პროგრამები და იწყება მათი განხორციელება ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით.
დაგეგმილია მილიონზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაციას. ასევე კერძო სექტორში არსებული პირუტყვის აღწერა და მისი ვაქცინაცია.
ქვეყნის მასშტაბით ნიადაგების ფიზიკური და ქიმიური თვისებების სწორად შეფასებისათვის საწყისი ანალიზების შესასრულებლად მთავრდება სპეციალური პროგრამის შემუშავება, რაც საშუალებას მისცემს მიწათმოსარგებლეებს ზუსტად განსაზღვრონ ნიადაგების აგროსაწარმოო თვისებები, რაციონალურად გამოიყენონ სასუქები და მაქსიმალური ეფექტურობით შეარჩიონ სასოფლო-სამეურნეო კულტურები;
ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრების მიზნით დარგის ასოციაციასთან ერთად ყალიბდება მარკეტინგული საბჭო, რომელიც განსაზღვრავს დარგის მარკეტინგულ გეგმას, რომ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებები თანმიმდევრული და მიზანმიმართული გახდეს, მიღწეული იქნას მაქსიმალური შედეგი ოპტიმალური დანახარჯებით.