შეწყალების კომისია ახალი შემადგენლობით ცხრა თებერვალს შეიკრიბება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა წარმოდგენილ სიაში მძიმე კატეგორიის პატიმრები შედიან.
,,განსახილველად შემოსულია 500-მდე საქმე, თუმცა დღეს კიდევ გადავხედავ სიას, რადგან ზოგიერთ პატიმარს შეიძლება ამნისტია უკვე შეეხეო და ალბათ, ხვალ, ან ზეგ მეცოდინება ზუსტად რამდენი პატიმრის საქმეს განიხილავს კომისია", _განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ელენე თევდორაძემ და აღნიშნა, რომ შესაწყალებელ პატიმართა სიაში მძიმე კატეგორიის პატიმრები არიან.
,,სიაში წარმოდგენილი მძიმე კატეგორიის პატიმრები, ბევრი მათგანი მკვლელობის, ნარკოტიკების გასაღებისთვის, რეციდივისტობის გამოა დაკავებული. აქედან გამომდინარე წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ შესაძლებელია კომისიამ ძალიან ცოტა პატიმარს მისცეს დადებითი რეკომენდაცია. როგორც ელენე თევდორაძემ განამარტა შეწყალების კომისიის ახალ შემადგენლობამ უნდა განსაზღვროს პატიმრისთვის სასჯელის ნახევრის ათვლა რა პერიოდიდან მოხდება.
,, კომისა უნდა შეთანხმდეს პატიმრისთვის სასჯელის ნახევრის ათვლა რა პერიოდიდან დაიწყება, მაშინ როცა მას სასჯელი მიუსაჯეს, თუ იქიდან როცა მას გარკვეული წლები მოეხსნა", _ განაცხადა თევდორაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ შეწყალების კომისიის ძველი შემადგენლობა პატიმრის სასჯელის ნახევრის ათვლისას ითვალისწინებდა, როგორც პატიმრის ციხეზე ყოფნის პერიოდს, ასევე პირობით^ მსჯავრს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატები აღარ შევლენ. პირველად ამ კომისიის არსებობის მანძილზე, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები, არც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი პირები. ეს ცვლილება შევიდა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის ბრძანებულებაში. კომისიის ახალ შემადგენლობას კვლავაც ელენე თევდორაძე უხელმძღვანელებს, ახალ წევრებს საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი თეოდორეც დაემატა.
შეწყალების განახლებულ კომისიაში შედიან: ელენე თევდორაძე, რომელიც ამ კომისიას ხელმძღვანელობს, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ვან ბაიბურთი, ნინო კალანდაძე და მუბარის კარაევი, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი გიორგი გოდაბრელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ კიკნაძე, "24 საათის" მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ანჯაფარიძე და მიტროპოლიტი თეოდორე. შეწყალების კომისიის წევრად რჩება საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც, კანონით დადგენილი წესით, კომისიის მუდმივი წევრია.