თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმეტ დავითოღლუ ისრაელის პოლიტიკის კრიტიკით გამოვიდა. თურქეთის მთავარი დიპლომატი ქაიროში, ისლამური ქვეყნების თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ისრაელის მხრიდან „ოკუპირებულ პალესტინურ მიწებზე" მშენებლობების შეწყვეტა მოითხოვა. დავითოღლუს განცხადებით, ისრაელი ყრუ რჩება არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების, არამედ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თავის მხრივ, აჰმეტ დავითოღლუს განცხადებას „უსირცხვილო ფარისევლობა" უწოდა. ჩინოვნიკი, რომელმაც ანონიმურობა ისურვა, მედიასთან აცხადებს, რომ „ამის მოსმენა უცნაურია ქვეყნისგან, რომელიც ეთნიკურ წმენდას ატარებდა კვიპროსის ტერიტორიაზე და იქ 200 000 თურქი უკანონოდ ჩაასახლა."
ებრაელი ჩინოვნიკის თქმით, თურქეთისთვის ორმაგი სტანდარტები ახალი არ არის. ის, პერიოდულად, ერაყის და სირიის ოპერაციებში მონაწილეობს, თუმცა, არ წყვეტს კვიპროსის ოკუპაციას. ამიტომ თურქეთს არანაირი უფლება არ აქვს, გააკრიტიკოს ისრაელი.
ერთი დღით ადრე, ისრაელის კრიტიკით თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოგანიც გამოვიდა, რომელმაც ისრაელი სირიაზე საჰაერო თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება „ტერორისტების მეთოდებს იყენებს". პრემიერის გაანცხადებას მხარი საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაუჭირა.