თეირანი ბირთვული იარაღის შექმნელად ყველა კომპონენტს ფლობს. იმისათვის, რათა შექმნას ატომური ბომბი, ირანს მხოლოდ 4-დან 6 თვემდე პერიოდი სჭირდება - მიიჩნევს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ამოს იადლინი.
ექსპერტმა ეს განცხადება თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამოს იადლინი, რომელსაც ისრაელის სამხედრო დაზვერვის თანამდებობა ეკავა, საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ მკვეთრი სანქციები გაატაროს.
მცირე ხნით ადრე, მსგავსი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც გააკეთა. პრემიერის თქმით, ზაფხულში ირანი ურანის გამდიდრების იმ ფაზას მიაღწევს, რის შემდეგაც, ატომური ბომბის შექმნას მხოლოდ რამდენიმე კვირა, ან თვე დასჭირდება.
განსხვავებული მონაცემები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვას. ამერიკელების განცხადებით, ირანი ამჟამად საკმარისი რაოდენობის ცენტრიფუგებს არ ფლობს, რომელიც ურანის გასამდიდრებლად არის საჭირო, თუმცა, მოხსენების ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ისლამური რესპუბლიკა ახალ ქარხანას აშენებს ასეთი ცენტრიფუგებით.