ხუთი წლის ბავშვი, რომელსაც შეიარაღებული მამაკაცი ერთი კვირის განმავლობაში, აშშ-ის შტატ ალაბამაში, ბუნკერში მალავდა, შტურმის შედეგად გათავისუფლდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების განცხადებით, სამსახურის აგენტები ბუნკერში მას შემდეგ შევიდნენ, რაც გაიგეს, რომ ბავშვს საფრთხე ემუქრებოდა. პატარას დაზიანებები არ აღენიშნება, მაგრამ გამოკვლევის მიზნით ის ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული.
შტურმის შემდეგ, სპეცსამსახურებმა ეჭვმიტანილის სახლი გაჩხრიკეს. ჯიმი ლი დაიკსი მოკლულ იქნა, თუმცა, მისი სიკვდილის გარემოებები ზუსტად ცნობილი არ არის.
დაიკსი სასკოლო ავტობუსს 29 იანვარს დაესხა თავს. მძღოლი კარის დაკეტვას საკუთარი სხეულით შეეცადა, თუმცა, სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ამის შემდეგ, ეჭვმიტანილმა ხუთი წლის ბავშვი მოიტაცა და თავისი სახლის ახლოს მდებარე ბუნკერში, 7 დღის განმავლობაში მალავდა. პოლიცია და გამოძიების ფედერალური ბიურო მასთან მოლაპარაკებებს ბუნკერის სავენტილაციო მილის მეშვეობით აწარმოებდნენ. ალაბამას პოლიციის წარმომდგენლების განცხადებით, გამტაცებელმა მათ ნება დართოთ ბიჭუნასათვის გადაეცათ პროდუქტები, სათამაშოები, წიგნები და წამალი.
მასალის გამოყენების პირობები