ქართული მხარე ბელარუსიში ქართული დასახელებების რეგისტრაციის შესახებ განაცხადებას წარადგენს. აღნიშნული ქმედებით კი საქართველო შეეცდება ბელარუსიში სამომავლოდ ქართული დასახელებების უკანონო გამოყენება და პროდუქციის ფალსიფიკაცია თავიდან აიცილოს. „საქპატენტის" დელეგაცია, თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაცია მიმდინარე წლის 4-5 თებერვალს, ბელარუსის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში სამუშაო შეხვედრებს გამართავს. შეხვედრის მთავარი თემა იქნება ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ქართული დასახელებების რეგისტრაციის შესახებ განაცხადების წარდგენა,რადგან დასახელებების დაცვით მომავალში თავიდან იქნება აცილებული ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული დასახელებების უკანონო გამოყენება და პროდუქციის ფალსიფიკაცია.
მასალის გამოყენების პირობები