ისრაელში, სირიის ტერიტორიაზე, ქვეყნის საზღვრებში, ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობა განიხილება იმ შემთხვევაში, თუ ბაშარ ასადის ხელისუფლება დაემხობა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანსპრესი" ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს წყაროს განცხადებით, ეს გეგმა, რომელიც სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ არის შემუშავებული, შესაძლოა, სირიის პრეზიდენტის გადაყენების მეორე დღესვე ამუშავდეს. სამხედროების აზრით, ბუფერული ზონა „ტერორისტულ ელემენტებს" სირიის ტერიტორიაზე მოხვედრის შესაძლებლობას მოუსპობს.
წყარო დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ბუფერული ზონა სირიის საზღვრებში დარჩება და ისრაელი მის ანექსიას და იქ საკუთარი სამხედრო კონტიგენტის განთავსებას არ აპირებს. თუმცა, ვინაიდან ეს ზონა სირიის სირღმეში იქნება, ისრაელის სამხედროები როგორ გააკონტროლებენ მას, სააგენტოს წყარომ არ დააზუსტა.
კონფლიქტი სირიაში ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეებს და მომხრეებს შორის უკვე ორი წელია გრძელდება. უკანასკნელ დრომდე, ისრაელი კონფლიქტში არ ერეოდა, თუმცა, 2013 წლის იანვრის დასასრულს ცნობილი გახდა ავიადარტყმის შესახებ, რომელიც ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე განახორციელეს. გარკვეული მონაცემებით, დარტყმის მიზანი გახდა იარაღით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სირიიდან ლიბანში მიდიოდა, ხოლო სხვა მონაცემებით - კვლევითი ცენტრი დამასკოს სიახლოვეს. ისრაელმა ამ ინფორმაციის ოფიციალური კომენტირება არ ისურვა.
ისრაელი და სირია, უკვე რამდენიმე წელია, ფორმალურად ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. სირიის ტერიტორიას და გოლანის სიმაღლეს, რომელიც ისრაელის კონტროლქვეშ იმყოფება, დემილიტარიზირებული, სამკილომეტრიანი ზონა ჰყოფს, რომელიც 1974 წლის შეთანხმებით არის დადგენილი.