,,პროკურატურამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ უგულავასგან მოიპოვეს ისეთი ინფორმაცია, რომ მერიაში მათი მისვლა ღირდა", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ გიგი უგულავას მერიაში დაკითხვის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება პროკურატურის დისკრედიტაციას ცდილობს.
,,პირველ ოქტომბრამდე მიჩვეული ვიყავით იმას, რომ ადამიანების სასიკვდილო განაჩენივით ჟღერდა პროკურატურაში დაბარება, საიდანაც, პრაქტიკულად, არავინ გამოდიოდა. ამჟამინდელ პროკურატურას უნდა დაგვარწმუნოს, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგა, თუმცა არც ის ვარგოდა პროკურატურაში, რაც მანამდე ხდებოდა და არც ის ვარგა, რაც ახლა ხდება. აშკარაა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პროკურატურაზე დისკრედიტაციას ახდენენ და უგულავას რეაქციაზე პროკურატურისგან ადეკვატური რეაქცია უნდა ყოფილიყო. თუ ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო უგულავას დაკითხვა, მაშინ პროკურატურამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ დაკითხვის შემდეგ მოიპოვეს იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ ეს ამად ღირდა", -განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლია მუხაშავრიამ და აღნიშნა, რომ კანონი ყველა ადამიანს ავალდებულებს დაკითხვის ადგილას გამოცხადდეს.
,,საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით ყველა ადამიანი თანასწორი ვართ და თანასწორობის პრინციპი კონსტიტუციითაა გამყარებული, შესაბამისად ყველა პირი უნდა გამოცხადეს დაკითხვის ადგილას", _განაცხადა ლია მუხაშავრიამ და აღნიშნა, რომ გიგი უგულავას გამომძიებლების მერიაში დაბარებით კანონი პირდაპირი წესით არ დაურღვევია.
,,უგულავამ კანონი პირდაპირ არ დაარღვია, მაგრამ თუ ის ხელს შეუშლის გამოძიებას, ეს უკვე დანაშაულია", -განაცხადა მუხაშავრიამ.
შეგახსენებთ, რომ გამომძიებლებმა თბილის მერი ,,თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობასთან დაკავშირებით მერიაში დაკითხეს. იქამდე კი თბილის მერი დაკითხვაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. უგულავამ კი საგამოძიებო სამსახურში, მისვლაზე უარი განაცხადა და გამომძიებლები მერიაში დაიბარა.