ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოსა და პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილმა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისი განცხადებით, მმართველი გუნდის კრიტიკა ყოველთვის თავდასხმების საპასუხოა.
„ჩვენ არავის არ ვესხმით თავს. 14 წელია მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული. არავის ვესხმით თავს ერთი, მეორე, ჩვენი კრიტიკა არის ყოველთვის პასუხი თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე და მესამე, ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოსა და პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამის უფლებას ჩვენ ვერავინ ჩამოგვართმევს, ასე რომ, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გაჩუმება, იმისთვის, რომ კომფორტულ კაფსულაში იყოს და კრიტიკისგან დაცული იყოს, რა თქმა უნდა ამისთვის არსებობს ერთადერთი გზა, რომ თავს არ დაესხან ქართველ ხალხს”, - თქვა პაპუაშვილმა.