უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ გერმანელ კოლეგა იოჰან ვადეფულთან სატელეფონო საუბარი გამართა მას შემდეგ, რაც ვადეფული ნიუ იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერჰი ლავროვს შეხვდა.
სიბიჰას განცხადებით, ვადეფულმა მას ლავროვთან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული საუბრის შედეგები გააცნო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან რუსეთის მხარეს კიევის პოზიცია გააცნო.
„მადლიერი ვარ მინისტრ ვადეფულის, რომ მან რუსეთის მხარეს ჩვენი მტკიცე და საერთო პოზიციები გააცნო: მოსკოვისგან ომის შეწყვეტის დაჟინებული მოთხოვნა, უკრაინის ურყევი მხარდაჭერის დადასტურება და ევროპაში რუსეთის შემდგომი მტრული ქმედებების შესახებ გაფრთხილება“, - განაცხადა სიბიჰამ.
მისი თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი შემდგომი ნაბიჯები სამშვიდობო ძალისხმევის წინსვლისა და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.
„ასევე განვიხილეთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისა და ზამთრის წინ უკრაინის მდგრადობის განმტკიცების გზები. გერმანიას მადლობა გადავუხადე უკრაინის მხარდაჭერაში წამყვანი როლისთვის“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.