ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ფიცის დადების ცერემონიალი დახურული იყო. ჯონ კერიმ ფიცი კონგრესის შენობაში დადო. როგორც ცნობილია, მან ამ პოსტზე ჰილარი კლინტონი შეცვალა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ცერემონიას აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს წევრი, ელენა კეიგანი უძღვებოდა, ხოლო ბიბლია, რომელზეც კერიმ ფიცი წარმოთქვა, მის მეუღლეს, ტერეზას ეკავა. ცერემონიას, ასევე, ესწრებოდნენ პოლიტიკოსის ქალიშვილი, ვანესა და მისი ძმა, კემერონი.
„ჩემთვის დიდი პატივია ფიცის მიღება და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშობას" - განუცხადა კერიმ ჟურნალისტებს.
68 წლის დემოკრატი პოლიტიკოსი, რომელიც წარსულში მასაჩუსეტსის შტატის სენატორი იყო, სენატმა პოსტზე გასულ კვირას დაამტკიცა. მისმა წინამორბედმა, ჰილარი კლინტონმა კერი დაახასიათა, როგორ „უნიკალური, საინტერესო და რთული" გამოცდილების მქონე დიპლომატი.
მასალის გამოყენების პირობები