გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ჩეთემ ჰაუზ"-ში გამართა შეხვედრები. ირაკლი ალასანიამ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. „ჩეთემ ჰაუზ"-ში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ასევე, შეხვდა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს.
ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საუბარი სამხედრო დოქტრინის შესახებ დაიწყო, რომელშიც წარსულში დაშვებული შეცდომები იქნება გათვალისწინებული. "საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან. მაგრამ სამხედრო წარმატებები თუ მარცხი არასდროს ყოფილა გაანალიზებული. ამიტომ, გვსურს სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე განხორციელებული ყველა ქმედება იყოს შესწავლილი. ეს შეცდომები გათვალისწინებული უნდა იყოს თავდაცვის მომავალ დოქტრინაში, რათა აღარ განმეორდეს" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
„ჩეთემ ჰაუზ"-ში გამართულ დისკუსიაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან მომავალი ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა. მინისტრის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, რომ ჩვენ გვსურს მათთან კავშირი, სავაჭრო ურთიერთობები. „შესაძლებელია მხარეებს შორის ნდობის ფაქტორი იმ დონეზე აღდგეს, რომ პოლიტიკურად სენსატიური საკითხების განხილვა დავიწყოთ, როგორც არის სტატუსთან დაკავშირებული საკითხი. მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ილუზიები, რაც ორივე სეპარატისტულ მთავრობას ომის შემდეგ გაუჩნდათ, გაქრა. დარწმუნებული ვარ, რუსეთმაც გაანალიზა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პოლიტიკაში მარცხი განიცადა. ახლა, დროა, ამჟამინდელ მდგომარეობას დავთანხმდეთ, სანამ უშუალოდ პოლიტიკურად სენსატიური საკითხების მოგვარებაზე გადავალთ. ამიტომაც ვარ პრაგმატული რუსეთის მიმართ" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მინისტრის თქმით, საქართველოს სურს რუსეთთან თანამშრომლობა. „ჩვენს ურთიერთობებში არსებული ჩიხი ორივე მხარისთვის მტკივნეულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ ან ორ წელში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საშუალებას მოგვცემს გავაანალიზოთ, თუ რა მოხდა და როგორ განვავითაროთ რიგი საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ეს არ მოხდება ორ ან სამ წელიწადში. მაგრამ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია. უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ჩვენ სწორი მიმართულებით უნდა დავიწყოთ" - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელძღვანელმა „ჩეთემ ჰაუზ"-ში გამართულ შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები