ამერიკის შეერთებულ შტატებში დამნაშავემ სკოლის მონაწილეების ჯგუფში სროლა მოაწყო. შედეგად, 15 წლის გოგონა დაიღუპა, რომელიც ბარაკ ობამას ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობდა, ორი 17 წლის ახალგაზრდა კი დაიჭრა.
ინციდენტი ჩიკაგოს ერთ-ერთ პარკში მოხდა. მოზარდების ჯგუფი წვიმას ეფარებოდა, როდესაც დამნაშავე ღობეზე გადაძვრა და ცეცხლი გახსნა. მოზარდები პანიკაში ჩავრდნენ და პარკიდან გაქცევას შეეცადნენ, თუმცა, ბოროტმოქმედმა სამი ადამიანის დაჭრა მოახერხა. დაჭრილი 15 წლის ჰადია პენდლიტონი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაზუსტებული ინფორმაციით, მსროლელი ერთ-ერთი ადგილობრივი კრიმინალური ბანდის წევრია. მან ადგილიდან მიმალვა შეძლო. ნებისმიერი ინფორმაციისთვის დამნაშავეზე, ჩიკაგოს ხელისუფლებამ 11 ათასი დოლარი ჯილდო დააწესა.
ჰადია პენდლიტონი სკოლის სასულე ორკესტრის წევრი იყო, რომელმაც ბარაკ ობამას ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა. ობამამ უკვე გამოუცხადა დაღუპული გოგონას ოჯახს თანაგრძნობა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის თავისუფალი გაყიდვის შესაძლო აკრძალვის შესახებ მსჯელობენ. ეს საკითხი „ჰენდი ჰუკში" მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაქტუალურდა. პრეზიდენტი ობამა იარაღის გაყიდვის შეზღუდვას მხარს უჭერს, თუმცა, მას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. უკანასკნელ ხანებში, აშშ-ში მსგავსი ინციდენტები გახშირდა.