სირიის არმიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისრაელის ავიაციამ ავიადარტყმა დამასკოს პროვინციაში, სამხედრო კვლევით ცენტრზე მიიტანა. ისრაელის მოიერიშეებმა, დღეს გამთენიისას, დაარღვიეს ჩვენი საჰაერო სივრცე და სამეცნიერო-კვლევით ცენტრზე წერტილოვანი დარტყმა განახორციელეს - სირიის ერთ-ერთი მაღალი რანგის სამხედრო ჩინოსანის ამ განცხადებას სააგენტო „სანა" ავრცელებს.
სამხედრო მეთაურობის განცხადებით, ცოტა ხნის წინ, ეს ცენტრი შეიარაღებული ოპოზიციის თავდასხმის ობიექტიც გახდა. რამდენიმე დღის წინ, დასავლური მედია კი იუწყებოდა, რომ ისრაელის სამხედრო ავიაციამ რიგ წერტილებზე, სირია-ლიბანის საზღვარზე, დარტყმები განახორციელა. სააგენტო „ფრანსპრესის" ცნობით, დარტყმა იარაღით დატვირთულ საავტომობილო კოლონაზე განხორციელდა.