საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ევროპისა და ნატოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშორმლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას და ამ კუთხით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას.
„საგარეო სამინისტროს მხრიდან საქართველოს ახალმა მთავრობამ სრული მხარდაჭერა მივიღეთ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით და ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ, კონკრეტულად, ორმხრივ ურთიერთობაზე, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე ზოგადად საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დღეს სრულდება.