ირანში 14 ჟურნალისტი უცხოურ მედიასთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრეს. ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი" იმ გამოცემების რედაქტორებზე დაყრდნობით იუწყება, სადაც დაპატიმრებული ჟურნალისტები მუშაობდნენ. დაპატიმრებები ორი დღე გრძელდებოდა. დაკავებულთა შორის 9 მამაკაცი და 5 ქალია. უცხოური გამოცემები, ვისთანაც ჟურნალისტები თანამშრომლობდნენ, არ სახელდება.
ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ დაპატიმრებულები რეფორმისტების გაზეთებში, „ეტემადში" და „შარხში" მუშაობდნენ. ზოგიერთი მათგანი უკვე იყო პატიმარი თავის პუბლიკაციებში ხელისუფლების კრიტიკის ან ფემინიზმის იდეის მხარდაჭერის გამო. საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე ითხოვენ ირანისაგან ჟურნალისტების გათავისუფლებას.
ცოტა ხნის წინ. ირანმა „ამერიკის ხმის" და „ბი-ბი-სის" განყოფილებები სპარსულ ენაზე, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულა. ამით ირანელ ჟურნალისტებს მიანიშნეს, რომ ამ განყოფილებებთან კავშირის გამო, მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გატარდებოდა. ირანში 2000 წლიდან მოყოლებული 120 გაზეთი გაიხურა, ათეულობით რედაქტორი და ჟურნალისტი კი ციხეში ზის.