თეირანმა უარყო ინფორმაცია ბირთვულ კომპლექსზე მომხდარი აფეთქების შესახებ ფორდში. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნა" იუწყება. ინფორმაციის კომენტარისას, რომელიც ამერიკულ საიტ WND.com-ზეა განთავსებული, ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის უფროსის მოადგილემ, სეიედ შამსედინ ბარბუდიმ განაცხადა, რომ ბირთვულ ობიექტზე არანაირი აფეთქება არ ყოფილა.
ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების და საშინაო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალედინ ბორუჯერდიმაც ასევე უარყო ინფორმაცია ფორდში მომხდარი ინციდენტის შესახებ. მისი აზრით, დასავლურმა მედიამ შეგნებულად გაავრცელა დეზინფორმაცია, რათა ირანსა და „5+1"-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს განსხვავებული სვლა მისცეს. ამ ჯგუფში, როგორც ცნობილია, შედიან: ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ და გერმანია. მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ირანის ბირთვული პროგრამის თემაზე 25 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა, დასავლეთის ქვეყნების ინიციატივით ჩაიშალა.
კომპლექსზე მომხდარი აფეთქების შესახებ პირველი ინფორმაცია ამერიკულ საიტზე 24 იანვარს გამოჩნდა. პორტალი ექსკლუზიურ ინფორმაციას ეყრდნობოდა, რომელიც მედიასაშუალების მტკიცებით, ირანიდან გაქცეულმა, ირანის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა, ჰიმიდრეზი ზაკერიმ მიაწოდა. ამას გარდა, ზაკერი იმასაც ამტკიცებს, რომ ირანის ხელისუფლებამ ეს აფეთქება დივერსიად შეაფასა.
ამის შემდეგ, 27 იანვარს, ისრაელის დაზვერვამ „თაიმსთან" საუბარში დაადასტურა, რომ ფორდში ინციდენტი ნამდვილად მოხდა. მათი მონაცემებით, ირანმა არ განახორციელა ხალხის ევაკუაცია, რომელიც ბირთვული ობიექტის ირგვლივ ცხოვრობენ. ჯერჯერობით უცნობია, ეს მოხდა იმის გამო, რომ სერიოზული ნგრევა არ იყო, თუ იმიტომ რომ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა არ გამოეწვიათ. ისრაელის სპეცსამსახურებმა უარი განაცხადეს იმ ფაქტის კომენტირებაზე, რომ თითქოს ფორდში მომხდარი აფეთქების დროს, ახლოს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი შენიშნეს.
გერმანული გამოცემა „დი ველთი" ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება მართლაც მოხდა და ადამიანებიც დაზარალდნენ, უმეტესად, ობიექტის მუშები.
ბირთვული კომპლექსი ფორდში მიწისქვეშა ბუნკერს წარმოადგენს ქალაქ ყუმის სიახლოვეს. ის ირანის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ატომურ ობიექტად ითვლება. ფორდზე 2,7 ათასი ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგი მუშაობს. დასავლეთი თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა, ირანის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამ პრეტენზიებს და ირწმუნება, რომ გამდიდრებულ ურანს მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენებს.