,,საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებით", _განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, ქართული მხარე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ახალ დოკუმენტს 31 იანვარს გაუგზავნის
"საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებით. გადაიდგა ნაბიჯები, რომლის შესახებ მომზადდება დოკუმენტი და ახალი ინფორმაცია გადაეგზავნება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 იანვარს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა. 2006 წლის 28 იანვარს გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი მოკლეს.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობა "ვარდების რევოლუციის" ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობას განსაკუთრებული რეზონანსი მას შემდეგ მოჰყვა, როცა გიორგი თარგანაძის საავტორო გადაცემა დროებაში გასულ სიუჟეტში გაკეთდა მინიშნება, რომ საქმესთან კავშირში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი და ასევე, იმ დროისათვის შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე - თაკო სალაყაია იყვნენ.
"დროების" ვერსიით, რომელსაც შემდგომ ოჯახიც დაეთანხმა სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობართან, ლევან ბუხაიძესთან ერთად "შარდენ-ბარში" თავის მეგობარ გოგონას მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს-ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა.
ამავე ვერსიით, გირგვლიანმა გააპროტესტა მეგობარი გოგონას შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად ყოფნა, რომლებიც უხეშად მოიხსენია. ბარიდან გამოსვლის შემდეგ გვირგვლიანი და მისი მეგობარი უცნობმა პირებმა გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი, რომელსაც წამების კვალი აღენიშნებოდა, გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა.
მეორე დილას გირგვლიანის ცხედარი სასაფლაოს მახლობლად იპოვეს.
21 თებერვალს სანდრო გირგვლიანის დედამ, ირინა ენუქიძემ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა "დაგეგმეს ჩემი შვილის მკვლელობა".
გირგვლიანის საქმეზე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი (ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე და აფციაური) გაასამართლეს. თუმცა, ისინი პრეზიდენტმა მიხილ სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ, 2009 წლის სექტემბერში, ისინი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2011 წლის 26 აპრილს ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა".
2007 წლის 24 აგვისტოს სანდროს დედა -ირინა ენუქიძეც გარდაიცვალა, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი შვილითან მიმართებაში, არამედ სხვა გარდაცვილი ახალგაზრდების საქმეებზე სამართლიანობის დაცვას მოითხოვდა.