ეგვიპტის პრეზიდენტმა, მოჰამედ მურსიმ ეგვიპტის სამ პროვინციაში, პორტ-საიდში, სუეცში და ისმაილიაში, მასობრივ არეულობებთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი" იუწყება.
მურსის თქმით, საგანგებო რეჟიმი თებერვლის ბოლომდე გასტანს. საღამოს ათი საათიდან დილის ექვს საათამდე ამ რეგიონებში კომენდატის საათი იმოქმედებს. ამას გარდა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ქვეყანაში უწესრიგობა არ შეწყდება, ქვეყნის ხელისუფლება ბევრად მკაცრ ზომებს მიმართავს. თავისი გადაწყვეტილების კომენტირებისას, მუსრიმ თქვა, რომ ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო საგანგებო ზომებისა, მაგრამ სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და ხალხის დასაცავად სხვა გზა აღარ დარჩა.
პრეზიდენტმა მუსრიმ ეგვიპტელებს მოუწოდა შეწყვიტონ ძალადობა და ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდასთან დაპატიჟა. ოპოზიცია, თავის მხრივ, საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ მუსრი სიტუაციის კომპლექსურ გადაწყვეტას ვერ შეძლებს.
პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის დროს საგანგებო მდგომარეობა ეგვიპტეში 30 წელი მოქმედებდა. მისი შეწყვეტა მხოლოდ 2012 წლის იანვარში, ეგვიპტის რევოლუციიდან ერთი წლის თავზე მოხდა. საგანგებო მდგომარეობის შეჩერება მუბარაქის მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში, ეგვიპტის დიდ ქალაქებში, მრავალრიცხოვანი ანტისახელისუფლო აქციები გაიმართა, სადაც პროტეტის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. დემონსტრანტებმა იერიში პოლიციის შენობებზეც მიიტანეს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მუსრიმ საგანგებო მდგომარეობის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.