ვაშინგტონში, ათასობით ადამიანი, იარაღის შესყიდვაზე შეზღუდვის დაწესების მოთხოვნით, ქუჩაში გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს. აქციის მონაწილეებს ხელთ ეპყროთ პლაკატები, წარწერებით: „აკრძალეთ მოიერიშე იარაღი ახლავე" და „ჩვენ „სენდი ჰუკი" ვართ".
აქციაში მონაწილეობა არა მხოლოდ ვაშინგტონის, არამედ სხვა შტატების ქალაქების მცხოვრებლებმაც მიიღეს. მონაწილეებს შორის ასი ადამიანი ქალაქ ნიუთაუნიდან იყო, სადაც 2012 წლის დეკემბერში, სკოლა „სენდი ჰუკში" ტრაგედია დატრიალდა.
როგორც ცნობილია, იარაღის შესყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას პრეზიდენტი ობამა მხარს უჭერს. გამოკითხვების მიხედვით კი ირკვევა, რომ ამ ინიციატივის მომხრე მოსახლეობის 52 პროცენტია, ხოლო 41 პროცენტი მის წინააღმდეგ გამოდის.