ეგვიპტის სასამართლომ 21 ადამიანს, რომლებიც ერთი წლის წინ ქალაქ პორტ საიდის სტადიონზე მომხდარი ტრაგიკული ამბების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულებად გადიოდნენ, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სულ ამ საქმეზე 73 ადამიანი იყო ბრალდებული. დანარჩენების მიმართ ვერდიქტს 9 მარტს გამოიტანენ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 თებერვალს ეგვიპტის ქალაქ პორტ-საიდის სტადიონზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბების შეხვედრის შემდეგ მომხდარ არეულობაში 73 ადამიანი დაიღუპა და 1000 ზე მეტი დაიჭრა. სხვა მონაცემებით დაღუპულია 77 ადამიანი და დაზარალებულია 250. დაღუპულთა უმრავლესობის ასაკი 18 წელს არ აღემატებოდა და ისინი ყველა ჭყლეტის შედეგად დაიღუპნენ. თვითმხილველთა მონაცემებით, ადამიანები ჭყლეტის გამო ტრიბუნებიდან მრავალმეტრიანი სიმაღლიდან ცვიოდნენ.
წაგებული გუნდის გულშემატკივრებმა მატჩის დამთავრების შემდეგ მოედანზე გადაინაცვლეს და ფეხბურთელებს დაესხნენ თავს. დაიწყო მასობრივი ჩხუბი. სულ სტადიონზე დაახლოებით 40 ათასი გულშემატკივარი იყო. ამ ტრაგედიის შემდეგ ეგვიპტეში ოთხდღიანი გლოვა გამოცხადდა.