საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბოლნისში სპეციალური დანიშნულების მომზადების საპარაშუტო სკოლაში საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. სამხედროებმა პარაშუტით საკვალიფიკაციო ხტომები შეასრულეს.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის წვრთნები, რაც შეიარაღებულ ძალებში ხორციელდება. „ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად ღია ვიყოთ წვრთნების კუთხითაც მედიასთან, რათა საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს ამ პროცესზე", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების 10 სამხედრო მოსამსახურე მომზადების პროგრამას 4 იანვრიდან გადის. საპარაშუტო მომზადების კურსი 21 დღიანია და ორ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე სამხედროებს თეორიული და მიწისზედა მომზადების კურსი ჩაუტარდათ. კურსის განმავლობაში სამხედროებმა სულ 7 ნახტომი უნდა შეასრულონ, მათ შორის პარაშუტებით წყალზეც უნდა დაეშვან. სწავლების დასრულების შემდეგ, დავალების შესრულების ხარისხს და სამხედროების მომზადების დონეს პროფესიონალი ინსტრუქტორები შეაფასებენ.