გახარიას ხელში იყო რუსი დეპუტატების საზღვარზე შემოშვება, ანუ, რას ამბობს, რომ ხათრის გამო შემოუშვა გავრილოვი საქართველოში? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - „ღამის კურიერი“ განაცხადა.
კითხვაზე, თუ ვინ ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში და ადასტურებს თუ არა პრემიერ-მინისტრი მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ, სწორედ, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო პასუხისმგებელი რუსი დეპუტატების საქართველოში შემოსვლაზე და თუ მას აღნიშნულ თემაზე ჰქონდა პრინციპული პოზიცია, მათ საზღვარზე არ შემოუშვებდა.
„ხელისუფლება არის ერთიანი. რომ ავიღოთ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება, რომ არის ადამიანი, რომელიც, ჩემი აზრით, ანრი ოხანაშვილის აზრით, სუს-ის უფროსის, მინისტრების, აღმასრულებელი ხელისუფლების აზრით არ უნდა ჩამოვიდეს. რეკომენდაციებით ხომ არ მუშაობ. შენ, თუ გაქვს ამასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია, ამბობ, რომ არ უშვებ ამ კაცს საზღვარზე. გახარიას ხელში იყო საზღვარზე შემოშვება. რას ამბობს, რომ ხათრის გამო შემოუშვა გავრილოვი საქართველოში? აქ თემა სხვა რამე იყო, არავის დაუყენებია ეჭვქვეშ და კითხვის ნიშნის ქვეშ, გავრილოვის შემოსვლა და გეტყვით მიზეზსაც - ამას ჰქონდა თავისი წარსული გამოცდილება და კონტექსტი. ეს ამბები მოხდა 2019 წელს. 2016 წელს, 3 წლით ადრე, მოხდა ასეთი რამ. 2016 წელს, მაშინ უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოში გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, ოპოზიციაში იყო „ნაცმოძრაობა“, გაიარეს საკითხი, აქეთ უსუფაშვილი იყო „ქართული ოცნების“ კოალიციის წარმომადგენელი და შეჯერდნენ, რომ რადგან იმართებოდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, პრობლემა არ იყო რუსი დეპუტატების შემოსვლა. ანუ, ზუსტად იგივე ხდებოდა. რით განსხვავდება გავრილოვი სლუცკისგან. იქ იყო ერთი, ან ორი დეპუტატი მათ შორის, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ოკუპაციის კანონი. გავრილოვს არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის კანონი, ისევე როგორც სხვა დეპუტატებს. უსუფაშვილმა და „ნაცებმა“ საქართველოში შემოუშვეს რუსი დეპუტატი, რომელსაც დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი. პირდაპირ საქართველოს კანონი დაარღვიეს. ანუ, კანონით ეკრძალებოდათ მისი შემოშვება საქართველოში და უსუფაშვილმა და „ნაცებმა“ კანონის დარღვევით, იმის გამო, რომ იმართებოდა ეუთო-ს ასამბლეა, შემოუშვეს საქართველოს კანონის დამრღვევი რუსი დეპუტატი საქართველოში. შესაბამისად, რუსი დეპუტატის საქართველოში შემოსვლა საერთოდ არ იყო განსახილველი საკითხი, მეტსაც გეტყვით, ბატონი გახარიას მეგობრები ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა კომიტეტს, რომელსაც ესწრებოდა ხოლმე ხშირად, მათ შორის, პირველი ვიცე-სპიკერი ჩუგოშვილი, ხულორდავა, ქაცარავა და ა.შ. ანუ, გუნდი იყო კონკრეტული, მათ შორის, იყვნენ მისი მეგობრებიც და შეუძლია მოჰკითხოს, სპეციალური მოსმენა გაიმართა ამ თემაზე, ამ ასამბლეის შემოშვებასთან დაკავშირებით, რომლის ხელმძღვანელიც ყველამ იცოდა, რომ იყო გავრილოვი და ავტომატურად უწევდა მას საქართველოში ჩამოსვლა. ეს მოსმენა გაიმართა და კითხვაც კი არ დასმულა მათ შემოშვებასთან დაკავშირებით, ანუ, პრაქტიკა იყო ასეთი, უსუფაშვილი და „ნაცები“შეთანხმდნენ 3 წლით ადრე, რომ რუსი დეპუტატები შემოვიდოდნენ ჩვეულებრივად საქართველოში, მათ შორის, ოკუპაციის კანონის დამრღვევი სლუცკი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ რუს დეპუტატად, იქ იყო ერთ-ერთი გვარი აღარ მახსოვს - „ეფ ეს ბე“-ს ყოფილი ხელმძღვანელი, წარმოიდგინეთ, პირდაპირ უსაფრთხოების ხაზის წარმომადგენელი, რუსეთის დუმის დეპუტატი. „ქართული ოცნების“ კოალიცია, წარმოდგენილი უსუფაშვილის სახით და „ნაცები“ შეთანხმდნენ, რომ ამათი ჩამოსვლა არ იყო პრობლემა, ზუსტად იგივე მოხდა 2019 წელსაც და ყველა ასე განიხილავდა ამ შემთხვევას, ამიტომ კითხვაც არ დასმულა ამაზე. თვითონ ხომ იყო პასუხისმგებელი კონკრეტული ადამიანების, ამ შემთხვევაში, რუსი დეპუტატების საქართველოში შემოსვლაზე? ხათრით შემოუშვა? თუ რაში იყო საქმე, ნახეთ, რა მარტივ ტყუილებში შეიძლება ამ კაცის გამოჭერა,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შექმნილი აჟიოტაჟი იყო გეგმის ნაწილი და ამ გეგმაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მაშინდელი დეპუტატები, რომლებმაც 2-3 თვეში დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.
„აქ თემა, რამაც გამოიწვია პროტესტი, იყო არა საქართველოში შემოსვლა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა. როცა მე არ ვიყავი ამ ქვეყანაში, ვიმყოფებოდი ბაქოში და მოვალეობას ასრულებდა ერთ-ერთი მოადგილე, აღარ მახსოვს რომელი და აქ მოხდა ასეთი რამ, რისი მოგვარებაც ძალიან მარტივად შეიძლებოდა, თუმცა აქაც ძალიან საეჭვოდ მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები ჩვენი გუნდიდან, ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს საეჭვოდ მეგობრობენ ბატონ გახარიასთან. თქვენ გახსოვთ 2016-2020 წლის პარლამენტი, მაშინ იყო სერიოზული შიდა პრობლემები, დღევანდელისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებაში“, მათ შორის, საპარლამენტო გუნდში. რეალურად, ეს ყველაფერი, რამაც გამოიწვია აჟიოტაჟი იყო აბსოლუტურად დალაგებულ შიგნიდანაც. ანუ, ეს იყო გეგმის ნაწილი და ამ გეგმის განხორციელებაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, მაშინდელი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, რომლებმაც დატოვეს 2-3 თვეში საპარლამენტო უმრავლესობა,“- განაცხადა პრემიერმა.