ისრაელში, მე-19 მოწვევის ქნესეთის არჩევნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანსპრესი" ავრცელებს. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გრინვიჩის დროით 5 საათზე გაიხსნა. ვარაუდობენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის პოსტის შენარჩუნებას შეძლებს.
სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ბლოკი „ლიქუდი", რომელიც ნეთანიაჰუს პარტიაა და პარტია „ისრაელი ჩვენი სახლია" ახალ ქნესეთში 32 ადგილს მოიპოვებენ. ეს ათი ადგილით ნაკლებია დღევანდელზე. თუ პროგნოზები გამართლდა, მაშინ ნეთანიაჰუ, 61-დან 67 დეპუტატამდე მხარდაჭერის პირობებში, მთავრობის ფორმირებას შეძლებს, რომელიც მემარჯვენე კურსის განხორციელებას განაგრძობს. ელოდებიან, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასა და პალესტინელებთან მოლაპარაკებების კუთხით, პოლიტიკა გამკაცრდება.
ისრაელის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას 5,65 მილიონი ადამიანი ფლობს. არჩევნებთან დაკავშირებით, მთელ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. წესრიგს 20 ათასი პოლიციელი იცავს.