ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, კაპიტოლიუმის წინ, ფიცი დადო. ცერემონია ადგილობრივი დროით 11.30 წუთზე დაიწყო. როგორც გაზეთი „გარდიანი" თავის ონლაინ-ტრანლაციაში იუწყება, 11.55 წუთზე ადგილობრივი დროით, ბარაკ ობამამ, რომელიც უმაღლესი სასამართლოს წევრის, ჯონ რობერტსის წინაშე წარსდგა, ფიცი მიიღო და წარმოთქვა ტექსტი, რომელიც განსაზღვრულია აშშ-ის კონსტიტუციით.
ფიცის ტექსტი ასე ჟღერდა: „მე, ბარაკ ობამა, საზეიმოდ ვფიციავ, რომ პატიოსნად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს შესაძლებლობებშია, რათა დავიცვა და მხარი დავუჭირო შეერთებული შტატების კონსტიტუციას". ობამამ ფიცი ორი ბიბლიის წინაშე წარმოთქვა. მათგან ერთზე 1861 წელს პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლმა დაიფიცა, ხოლო მეორე მარტინ ლუთერ კინგს ეკუთვნოდა.
ცერემონიას ესწრებოდნენ პრეზიდენტის მეუღლე, მიშელ ობამა, მათი ქალიშვილები, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი და ბილ კლინტონი მეუღლეებთან ერთად, სენატის და კონგრესის წარმომადგენლები, უმაღლესი სასამართლოს წევრები და მრავალრიცხოვანი სტუმრები. თავის საზეიმო გამოსვლაში ობამამ განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა დაიცვას დემოკრატია მთელ მსოფლიოში. იმიგრაციის პრობლემაზე საუბრისას, პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ უცხოელებს, რომლებსაც შეუძლიათ სარგებლობა მოუტანონ აშშ-ს, მიეცემათ საშუალება იცხოვრონ და იმუშავონ მათ ქვეყანაში.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტი ჩაიბარებს საზეიმო აღლუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ყველა სახის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. აღლუმის დაწყება ადგილობრივი დროით 14:30 წუთზე გადაიცემა. საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ცნობილი ამერიკელი პოპ-ვარსკვლავების გამოსვლაც.
მთელი ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაცა, რომლის ნახვაც ამ ლინკზეა შესაძლებელი: http://www.youtube.com/watch?v=8aatTuUEtko&feature=player_embedded