საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დომენიკ სტროს-კანმა, დაზარალებულ დამლაგებელს, კომპენსაციის სახით, 1,5 მილიონი დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი „Le Journal du Dimanche" სტროს-კანის ახლობელზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
გაზეთის ინფორმაციით, სწორედ ეს თანხა იყო მითითებული შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც დამლაგებელმა სტროს-კანის წინააღმდეგ სარჩელზე უარი თქვა. ამ თანხიდან 30 პროცენტს ქალი თავის ადვოკატს გადაუხდის.
შეთანხმებას, ყოფილმა ჩინოვნიკმა და სასტუმროს დამლაგებელმა გასული წლის დეკემბერში მიაღწიეს. მაშინ გაზეთი „ლე მონდი" წერდა, რომ თავდაპირველად, დაზარალებული 6 მილიონ დოლარს ითხოვდა.
როგორც ცნობილია, 2011 წელს, სასტუმროს დამლაგებელმა დომენიკ სტროს-კანი გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა. თავად სტროს-კანმა დანაშაული აღიარა, თუმცა, იძულებული იყო თანამდებობა დაეტოვებინა. ამ ფაქტს ყოფილი ჩინოვნიკის პოლიტიკური კარიერაც შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები