ამურის ოლქში მგზავრი მატარებლის ვაგონიდან შემთხვევით გადმოვარდა და ყინვაში, მაისურით და შორტებით, დაახლოებით 7 კილომეტრი ირბინა, რათა უახლოეს სადგურამდე მიეღწია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი" იუწყება.
ინციდენტი მატარებელში მოხდა, რომელიც მოსკოვი-ნერიუნგრის მარშრუტს ასრულებდა. როგორც თავად 42 წლის მგზავრი ჰყვება, ის შესასვლელში მოსაწევად გავიდა, უკან შემობრუნებისას კი კარი აერია და მუშა მდგომარეობაში არმყოფი შესასვლელის კარი გახსნა, რომელიც ჩაკეტილი არ იყო. პოლიციის ინფორმაციით, მგზავრი სიბნელეში გადავარდა და მოხვდა რელსებზე, რომელიც ტაიგითაა გარშემორტყმული. 40 გრადუს ყინვაში ის მხოლოდ სპორტული ტანსაცმლით იყო შემოსილი.
მამაკაცი შეეცადა მატარებელს დაწეოდა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო, რის შემდეგაც უიღბლო მგზავრმა 7 კილომეტრი ირბინა, რათა უახლოეს სადგურამდე მიეღწია, სადაც მას დახმარება გაუწიეს. ამჟამად პოლიციელები არკვევენ, ეს უბედური შემთხვევა იყო თუ გამცილებლის დაუდევრობა, რომელსაც გასასვლელი კარი ღია დარჩა.