დღეს, 14 თებერვალს, 14:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფოიეში გამომცემლობა "პეგასი" საბავშვო წიგნების პრეზენტაციას გამართავს.
"პეგასმა" გამოსცა ორი ახალი საბავშვო წიგნი: ირმა მალაციძის "ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში" და ჯანი როდარის "გონდოლა-აჩრდილი".
როგორც ირმა მალაციძემ "ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში განაცხადა, "ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში" _ ეს არის სათავგადასავლო წიგნი ცელქ ბიჭზე, რომელიც ჯადოსნურ ქვეყანაში აღმოჩნდება და ბოროტ ჯადოქარს დაამარცხებს. წიგნის ილუსტრატორია ილია ჭრელაშვილი.
ირმა მალაციძემ 2002 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი _ კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს წიგნები: "სატკბილეთის ქვეყანა" (საბავშვო პროზა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2004); "ფატია" (პროზაული კრებული. გამომცემლობა "სიესტა", 2004); "ქერამუჭას სკოლა" (საბავშვო პროზა); ვლადიმერ ვისოცკი "ვენური არდადეგები" (თარგმანი, პროზაული კრებული. გამომცემლობა "სიესტა", 2009წ); "ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში" (საბავშვო პროზა, გამომცემლობა "პეგასი", 2009).
მალაციძე არის საქველმოქმედო პროექტის "ზღაპრები ირმა მალაციძისაგან" ავტორი (10 ზღაპრის აუდიოჩანაწერი, რომლის გმირებსაც ახმოვანებენ ცნობილი პოლიტიკოსები. აუდიოკასეტები უფასოდ გადაეცა უსინათლო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს); საბავშვო ჟურნალ "დილის" მიერ გამოცხადებული კონკურსის _ "ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში" _ პირველი პრემიის მფლობელი; ლიტერატურული კონკურსების _ "პენ-მარათონი" და "ლუარსაბ თათქარიძე" _ ფინალისტი და ლიტერატურულ კონკურს "საბას" ნომინანტი.
მალაციძე სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურულ გამოცემებში. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულსა და სასკოლო სახელმძღვანელოში. იგი არის ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი აუდიოზღაპრების ავტორი, რომელიც შეიქმნა გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" დაკვეთით (2004).
მალაციძის პიესა საბავშვო პიესა "სატკბილეთის ქვეყანა" დაიდგა ქუთაისის თოჯინების თეატრის სცენაზე, (2009). ირმა მალაციძე არის საბავშვო ლიტერატურის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
ჯანი როდარის "გონდოლა-აჩრდილი" თეა ნიკობაძემ თარგმნა.
იტალიელი მწერალი 1920 წელს დაიბადა. 1948 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "უნიტასთან". ამ პერიოდშივე დაიწყო საბავშვო წიგნების წერა. 1970 წელს ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის პრემიით დააჯილდოეს. როდარი 1980 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ჯანი როდარი ჩვენში ცნობილია წიგნებით: "ჩიპოლინოს თავგადასავალი", "ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში", "ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები", "ლაჟვარდისფერი ისარი", "ფანტაზიის გრამატიკა" და სხვა.