ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ალეპოს უნივერსიტეტზე თავდასხმაში, რომლის დროსაც დაახლოებით 80 ადამიანი დაიღუპა და 160 დაიჭრა, სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკული უწყების საიტზე გამოქვეყნდა.
„შეერთებული შტატები შოკირებულია სისხლიანი ტერაქტით, რომელიც სირიის რეჟიმის მიერ არის ორგანიზებული", - ნათქვამი ოფიციალურ შეტყობინებაში. იქვე აღნიშნულია, რომ მოწმეების მონაცემების მიხედვით, სირიული ვერტმფრენები უნივერსიტეტის შემოგარენს ბომბავდნენ.
სირიული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას" ცნობით კი, უნივერსიტეტის შენობას ორი რეაქტიული ჭურვი მოხვდა, რომელიც „ტერორისტების", ანუ ასადის ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიერ იქნა გაშვებული. ალეპოს მერის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაჭრილთა შორის უმრავლესობა სტუდენტები არიან. გაეროს გენერალურმა მდივანმა აფეთქება ალეპოში უკვე შეაფასა, როგორც „სამხედრო დანაშაული".
ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის კონფლიქტი, სირიაში 2011 წლის მარტიდან დაიწყო და დღემდე არ წყდება. გაეროს მონაცემების მიხედვით, კონფლიქტის მიმდინარეობისას დაიღუპა დაახლოებით 60 ათასი ადამიანი. საერთაშორისო ორგანიზაციები სისხლიანი დაპირისპირების შეჩერებას, ჯერჯერობით, უშედეგოდ ცდილობენ.