ტეხასის შტატის სენატორი, სტივ სტოკმენი საზოგადოებას დაპირდა, რომ პრეზიდენტ ობამას იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი იარაღის შესყიდვის კონტროლზე ახალ წესებს შემოიღებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის ოფიციალურ საიტზე განაცხადა.
სტოკმენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის პრინციპებზე ანტიკონსტიტუციური თავდასხმა განახორციელა. ამიტომ სენატორი იმუქრება, რომ გააპროტესტებს ობამას ინიციატივებს, იარაღის შესყიდვის კონტროლის შესახებ და უკიდურეს შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას შეეცდება.
როგორც ცნობილია, იარაღის შესყიდვაზე კონტროლის დაწესების შესახებ დისკუსია, აშშ-ში 2012 წლის 14 დეკემბერს, სკოლა „სენდი ჰუკში" მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. მაშინ სკოლაში შეჭრილმა 20 წლის დამნაშავემ 20 ბავშვი და 6 მოზრდილი დახოცა. ამის მერე, ბარაკ ობამა საზოგადოებას დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ გამეორდეს.
მალე ცნობილი გახდა, რომ ობამა ნახევრადავტომაური საიერიშო იარაღის შესყიდვის აკრძალვას აპირებს. ეს აკრძალვა აშშ-ში უკვე მოქმედებდა 1994-2000 წლებში. პრეზიდენტის ინიციატივის განსახილველად, სპეციალური კომისია უკვე შეიქმნა. განიხილება საკითხი იმის შესახებაც, რომ იარაღის შემსყიდველების ბიოგრაფიები და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა იქნას გადამოწმებული, თუმცა, ამ ინიციატივას მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგეებიც ბევრი ჰყავს.