იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განსჯადოების გაფართოვებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი რეფორმირებას საჭიროებს.
,,გვახსოვს, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ნაფიცი მსაჯულები საზოგადოებას შემოგვთავაზა, როგორც ამერიკული მოდელი. ეს მოდელი რეფორმას საჭიროებს, ჩვენ ამ მოდელს ვაფართოვებთ და სხვადასხვა ამერიკული შტატის მათ შორის, კალიფორნიის შტატის მაგალითს მივყვებით და ვამბობთ, თუკი ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნები უარს იტყვიან ხალხმა გადაწყვიტოს მათი სიმართლის საკითხი ამას უნდა დაეთანხმოს პროკურორი და სასამართლო, ანუ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთგვაროვანი აზრი უნდა არსებობდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში საქმე გადაეცემა ნაფიცი მსაჯულებიდან პროფესიონალ სასამართლოს', -განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დახვეწასა და გაძლიერებაზე მუშაობს. სამინისტროში, მთავარი პროკურორის ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი მომზადდა. პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ფართოვდება: ნაფიცი მსაჯულები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.