სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა თურქეთის ხელისუფლება გააკრიტიკა. სარქისიანის განცხადებით, თურქეთის პოლიტიკამ, „ნული პრობლემა მეზობლებთან", ნულოვანი შედეგი მოიტანა. „ამის მიზეზი მეზობელი სახელმწიფოს ხელისუფლების სურვილია, ყველა პრობლემის არსებობა მეზობლებს გადააბრალოს" - ირწმუნება სარქისიანი.
სომხეთის პირველი პირის განცხადებითვე, დღეს თურქეთი სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ ითვლება, მაგრამ მისი განვითარება არასრული იქნება და შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს, თუ თურქეთი სერიოზულად არ გადახედავს საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ისტორიას.
სარქისიანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკმაყოფილება თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემის მიმართ, რომელიც მიმდინარეობს ლოზუნგით: „ერთი ხალხი, ორი სახელმწიფო". სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ამ ლოზუნგის ქვეშ, უკვე ოცი წელია სომხეთის ბლოკადა გრძელდება, რაც მეზობლებთან თანამშრომლობას ართულებს და ეს იმ დროს, როცა „მშვიდობისმოყვარე და პროგრესულ სომეხ ხალხს ნდობის და მშვიდობიანი თანაარსებობის სურვილი აქვს".
შეგახსენებთ, რომ სომხურ-თურქული ურთიერთობების გაუმჯობესების მცდლობა 2008 წელს დაიწყო. 2009 წლის ოქტომებრში კი, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ციურიხში მემორანდუმიც გაფორმდა, რაც ორივე სახელმწიფოს პარლამენტში იქნა რატიფიცირებული, თუმცა, 2010 წლის აპრილში სომხეთმა პროცესის შეჩერების შესახებ გამოაცხადა იმ მოტივით, რომ თურქეთი ამ პროცესისთვის მზად არ არის. ამჟამად, დოკუმენტი გაყინულია.
ოფიციალური ერევანი კვლავ მოითხოვს თურქეთისგან სომხების გენოციდის აღიარებას. გენოციდი ამჟამად აღიარებული აქვთ: რუსეთს, ურუგვაის, საფრანგეთს, ლიტვას, აშშ-ის ზოგიერთ შტატს, არგენტინას, ბელგიას და სხვა ქვეყნებს.