შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს, პატიმრობაში მყოფ შოთა ხიზანიშვილს ბრალი უმძიმდება. როგორც მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა ხიზანიშვილს ბრალს დღეს კიდევ ორი მუხლით წაუყენებს - ცრუ დასმენა და პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
შოთა ხიზანიშვილს დღემდე ორი მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული - 158-ე (ფარული მოსმენები) და 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).
ამასთან, როგორც მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, ერთ მუხლთან მიმართებაში ხიზანიშვილს ამნისტია შეეხო. აქედან გამომდინარე, ჭაბაშვილი გეგმავს, სასამართლოს ხიზანიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი 2012 წლის 15 ნოემბერს დააკავეს.