აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ჰაზარდში, ერთ-ერთი კოლეჯის სიახლოვეს, მანქანების პარკირების ადგილას, სროლა მოხდა. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი" იუწყება. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაჭრილია.
კოლეჯის დირექტორის განცხადებით, ინციდენტის დროს სტუდენტურ ქალაქში დაახლოებით 30 პირი იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა სტუდენტების ევაკუირება მოახდინეს და კოლეჯი ორი საათით დაკეტეს. პოლიციის მოსვლამდე ორი ადამიანი, რომლებიც ავტომობილში ისხდნენ, უკვე გარდაცვლილი იყო. „ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, მომხდარის ადგილას პოლიციელებმა ნახევრადავტომატური პისტოლეტი აღმოაჩინეს.
სროლაში ეჭვმიტანილი 21 წლის დალტონ ლი სტიდჰამია. ის დანაშაულის ჩადენიდან მალევე შტატის პოლიციაში გამოცხადდა. სდიტჰამი, ჯერჯერობით, იკითხება და მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ. არსებობს ეჭვი, რომ დამნაშავე მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის მიზეზი კონფლიქტი გახდა, რომელიც მსროლელს და ავტომობილის მგზავრებს შორის წარმოიშვა.