მოსკოვი საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მიესალმება, - "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინე დოლგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რიგი პოლიტპატიმრებისთვის ამნისტიის გამოცხადების შესახებ, რომელთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან და იმედოვნებს, რომ საქართველოში უკანონოდ გასამართლებული რუსეთის დანარჩენი მოქალაქეებიც გათავისუფლდებიან.
"შეიძლება, მხოლოდ მივესალმოთ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი უკანონობის გამოსწორებისკენაა მიმართული. აუცილებლობად მივიჩნევთ, საქართველოს ციხეებიდან ჩვენი სხვა მოქალაქეების სასწრაფო გათავისუფლებას, რომლებიც პოლიციური განუკითხაობის, შპიონომანიისა და სასამართლო საქმეების ფაბრიკაციის მსხვერპლნი გახდენენ, მათ შორის, ცნობილი მესხეთელი უფლებადამცველი სულეიმან ბარბაქაძე", -განაცხადა დოლგოვმა.
"ინტერფაქსის" ცნობით, რუსმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ "საქართველოს ხელისუფლების მიერ უკანონოდ გასამართლებული რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლება იქნებოდა პასუხი თბილისის მისამართით შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურებისა და უფლედამცველი ორგანიზაციების მრავალ მოთხოვნაზე".