ეგვიპტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ კალიუბიაში მტრედი დაიჭირეს, რომელსაც ერთ ფრთაზე ისლამური შინაარსის ხელნაწერი, ხოლო მეორეზე მიკროფილმი ჰქონდა მიმაგრებული, რომლის შინაარსიც უცნობია. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი „ალ-აჰრამი" იუწყება. პოლიციით განცხადებით, დაჭრილი ფრინველი პატრულმა, ვინმე საბირ იბრაგიმმა ნახა. მტრედი გამოძიებას გადაეცა, ხოლო ფირი - სახელმწიფო ტელერადიოს ლაბორატორიას - აცხადებენ ეგვიპტელი სამართალდამცავები.
ინტერნეტის ეგვიპტურ სეგმენტში ეს ახალი ამბავი ყველაზე განხილვადი გახდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ირონიულად შენიშნავენ, რომ მტრედი პირადად პრეზიდენტმა მურსიმ გააგზავნა. ცნობილი უფლებადამცველი და ოპოზიციის აქტივისტი სამირა იბრაგიმი თავის მიკრობლოგზე წერს: „ეგვიპტური წარმომავლობის მტრედი პრეზიდენტ მუსრისგან დაპატიმრებულია და გადაგზავნილია პოლიციის განყოფილებაში". ეგვიპტელები იმასაც წერენ, რომ ფრინველი, შესაძლოა, ისრაელის სასარგებლო ჯაშუშობაში „დაადანაშაულონ".
თუმცა, ცნობილია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ფაუნის წარმომადგენლებისთვის მსგავსი „ბრალდებები" სხვა დროსაც წაუყენებიათ. მაგალითად, 2011 წელს, საუდის არაბეთში იპოვეს სვავი, რომელზეც ეჭვი გაჩნდა, რომ ისრაელის სპეცსამსახურები ინფორმაციის მოპოვებისთვის იყენებდნენ. 2012 წლის მაისში კი „მოსადის" აგენტად თურქეთის ტერიტორიაზე ნანახი მკვდარი მოლაღური გამოაცხადეს. 2008 წელს, მტრედის დაჭერაზე, რომელსაც სავარაუდო დაზვერვითი მიზნებისთვის იყენებდნენ, ირანული პრესაც იუწყებოდა. ირანში მტრედი იმ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, სადაც ურანის გამამდიდრებელი ქარხნები მდებარეობს.