"საკმარისი ინფორმაცია გვაქვს იმისთვის, რომ არაკეთილსინდისიერმა ლიცენზიანტმა ვერ მოჭრას ტყეში დამატებითი რესურსი და ვერ გასცდეს იმ ნორმებს, რასაც ჩვენ ვუწესებთ~, - ეს განცხადება გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ დღეს პარლამენტში სამთავრობო საათზე ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
კითხვა "ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დასვა და მინისტრისგან მოითხოვა ინფორმაცია, როგორ ტარდება ტყეების ინვენტარიზაცია და, თუკი ვერ ტარდება, ამის გარეშე როგორ ხდება ტყით სარგებლობაზე ლიცენზიების გაცემა.
მინისტრის თქმით, საზოგადოებაში არის მცდარი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ტარდება ინვენტარიზაცია. ხაჩიძის განმარტებით, დღეს ეს პროცესი ცივილიზებულად მიმდინარეობს ფოტოგადაღებებით და რესურსის დაახლოებითი აღწერით.
"ამიტომ ჩვენ ინვენტარიზაციას მარტივად ვატარებთ. წელს სამინისტროს ნახევარი მილიონი დაეხარჯა იმისთვის, რომ რესურსის დათვლა მოეხდინათ. ასევე განისაზღვრა, რა კონკრეტული რესურსის მოჭრა შეიძლება და ესეც ინვენტარიზაციის ერთი ნაწილია~, - აცხადებს ხაჩიძე და დასძენს, რომ ტყით სარგებლობაზე ლიცენზიები ინვენტარიზაციის გარეშე არ გაიცემა.