,,დარწმუნებული ვარ, პატრიარქი ღირსეულ პასუხს გასცემს და ხელს შეუშლის საქართველოს უკან-რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების ყველანაირ მცდელობას", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე და ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა.
,, მე არაერთხელ მითქვამს, რომ მისი უწმინდესობა ისეთივე მასშტაბის ფიგურაა საქართველოში, როგორიც იყვნენ ჩვენი ეროვნული ლიდერები საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში. მე-19 საუკუნეში, როდესაც ითვლებოდა, რომ ქართული ეროვნული შეგნება ჩამქრალი იყო, როდესაც საქართველოს ეროვნული ერთიანობა და ეროვნული ინდივიდუალობა გაქრობის პირას იდგა, გამოჩნდა ილია ჭავჭავაძე. მან თავის გარშემო შეკრა ქართული სახელმწიფოებრიობის, საქართველოს ერთიანობის იდეა. მან მოიარა საქართველოს კუთხეები და პირველად, მრავალი საუკუნის შემდეგ, სწორედ ილია ჭავჭავაძემ გააერთიანა ერთი იდეის ფარგლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო. ამ თვალსაზირისით, მისი საქმიანობა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამგვარად იყო ილია. და მეოცე საუკუნეში გამოჩნდა მეორე ილია - ილია მეორე", _განაცხადა პრეზიდენტმა და იმდეი გამოთქვა, რომ პატრიარქი ხელს შეუშლის საქართველოს უკან-რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების ყველანაირ მცდელობას.
,,70-იან წლებში, როდესაც ჩვენ გვიჭერდნენ კომკავშირელები, როდესაც შევდიოდით ეკლესიაში და როდესაც ჩემი დიდი ბაბუა, რომელმაც გამზარდა, რომლის მამაც ეპისკოპოსი იყო, ჩუმად ლოცულობდა ძილის წინ და იწერდა პირჯვარს, სიონში ახალგაზრდა პატრიარქის გარშემო შეიკრიბა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც სრულიად ახლებურად დაინახეს ქართველი ერი, ქართველი ერის იდეა და საქართველოს მომავალი პერსპექტივები. 80 - იან წლებში შეიქმნა ეროვნული მოძრაობა, რომელმაც, საქართველო, რეალურად გამოიყვანა დამოუკიდებლობის ორბიტაზე და რომელმაც დიდი წვლილი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლაში. ეს საქმიანობა დაახლოებით ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც საქართველოს ახალგაზრდობამ დაიწყო ახალი აქტიური ბრძოლა არა უბრალოდ ქართული ენის გადარჩენისთვის, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ხელახლა აღმოცენებისთვის. სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა ის ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობა, რომელიც საქართველოში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს. საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ არსებობდა, ქართული ეკლესია იყო ის რაც, საქართველოს იდეას აცოცხლებდა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო რუკაზე, უკვე ახალ ეპოქაში, რაც უკვე შეუქცევადი პროცესია, მისმა უწმინდესობამ დაიწყო, სწორედ მან ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებლურ რუკაზე დამკვიდრება. ჩემზე ყოველთვის დიდი შთაბეჭდილებას ახდენდა მისი უწმინდესობის მყარი ფასეულობები და მყარი ორიენტაცია დღევანდელ არც თუ ისე მარტივ სამყაროში. მე კარგად მე მახსოვს ეკლესიის როლი რამდენიმეთვიანი მასშტაბური ოკუპაციის დროს 2008 წელს, როდესაც ეკლესია არა მხოლოდ არ დამალულა, არამედ აქტიურად ჩაერთო სოციალურ როლში და ყველა საკითხში, რომელიც ძალიან რთულ სიტუაციაში ჩვენ ხალხს ჭირდებოდა. მე მისი უწმინდესობისგან ვიცი, რა შემოთვლები ქონდა 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, რომ რაღაცა ისეთი როლი ითამაშა ეკლესიას, რომელიც გარკვეულ დისტანცირებას მოახდენდა საქართველოს დამოუკიდებლობის და ოკუპაციასთან არშერიგების იდეასთან. და ამას პატრიარქმა გასცა ძალიან ღირსეული პასუხი, და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ პასუხს გასცემს და ჩაერთვება ყველანაირ მცდელობას შეუშლის ხელს საქართველოს უკან - რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში საახალწლო მიღება გაიმართა, რომელსაც მსოფლიო პატრიარქთან ერთად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.