ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ირანმა გოლანის სიმაღლის სირიის ნაწილში, სადაზვერვო სადგური შექმნა. მოსმენებისთვის განკუთვნილი სადგური, ირანს ისრაელზე ინფორმაციის მოპოვებისათვის სჭირდება. ამის შესახებ „ჰერალდ ტრიბუნი" იუწყება.
მოხსენების თანახმად, გასულ თვეში, სადგურები სირიაში რამდენიმე ადგილას შეიქმნა, მათ შორის ზღვის სანაპიროზე. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგები" აქტიურად თანამშრომლობენ ასადის რეჟიმთან, რომელიც თეირანის მოკავშირეა.
ცნობილია ასევე, რომ ორი ირანულ-სირიული სადგური, რომელიც მოსმენებისთვისაა განკუთვნილი, 2006 წლიდან ფუნქციონირებს, ერთი მათგანი სირიის ჩრდილოეთშია განთავსებული, თურქეთის საზღვართან. ჩრდილოეთ სირიაშივე მიმდინარეობს კიდევ ერთი დამატებითი სადგურის მშენებლობაც.