ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მიიღო. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობები, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო დონის აქტუალურ თემებს.
„ლიტვაში ვიზიტი იყო წარმატებული და ძალზედ ნაყოფიერი. ლიტვა არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს საგარეო კურსისადმი მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელი მოეწერა ლიტვა საქართველოს შორის ევეროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქარტიის ფარგლებში ლიტვა-საქართველოს კომისიის 2013 წლის სამოქმედო გეგმას. ეს არის უნიკალური მოვლენა და ჩვენ ბევრ ქვეყანასთან არ გვაქვს ასეთი ურთიერთობა. მაღალი დონის შეხვედრებისას მათ, განსაკუთრებით კი საგარო საქმეთა მინისტრმა აღნიშნეს, რომ ლიტვა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს"- განაცხადა საქართველოს სგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის დასასრულს.
ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ შეხვედრები გაიმართა ასევე ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალგირდას ბუტკევიჩიუსთან (Mr. Algirdas BUTKEVIČIUS), პარლამენტის თავმჯდომარესთან ვიდას გედვილასთან (Mr. Vydas GEDVILAS) და საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ანტანას ლინკევიჩიუსთან (Mr. Linas Antanas LINKEVIČIUS).