საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჟერარ დეპარდიემ, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ქვეყანას ტოვებს. როგორც ცნობილია, საქმე ეხება მთავრობის გეგმას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალიც 1 მილიონ ევროს აღემატება, 75 %-იანი გადასახადი დაუწესდეს. მას შემდეგ კი, რაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან-მარკ ერომ დეპარდიეს გადაწყვეტილება, მაღალი გადასახადის გამო ბელგიაში წასვლის შესახებ, გააკრიტიკა, ცნობილი მსახიობი ისე აღშფოთდა, რომ საფრანგეთის პასპორტის დახევით დაიმუქრა.
ამ ისტორიამ სულ სხვა მიმართულება მიიღო, რაც დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა ითხოვა და რუსეთის „დიდი დემოკრატიით" მოხიბლული მოსკოვისკენ გაემართა. გასულ კვირას, „დემოკრატმა" პუტინმა ფრანგ მსახიობს ახალი რუსული პასპორტი პირადად გადასცა.
ამ კონფლიქტმა, რომელიც მსახიობსა და საფრანგეთის სოციალისტურ მთავრობას შორის წარმოიშვა, საზოგადოებას სხვა ცნობილი დევნილებიც გაახსენა, რომლებიც საფრანგეთიდან გაიქცნენ. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, მრავალი სპორტსმენი, მსახიობი, მუსიკოსი და მსხვილი ბიზნესმენი წავიდა ქვეყნიდან, სხვადასხვა მიზეზებით. ბევრი მათგანი შვეიცარიაში გადასახლდა, რომელიც მთელი მსოფლიოს ცნობილი ადამიანების მეორე სამშობლოდაა ცნობილი.
მათ შორის არიან: შარლ აზნავური, რომელმაც საჯაროდ განაცხადა თავისი უკმაყოფილების შესახებ, 70-იანი წლების საფრანგეთის ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკის მიმართ. აზნავური უკვე 40 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს. მსახიობმა ალენ დელონმა 1978 წელს დაარსა კომპანია, რომელიც ფუფუნების საგნებით ვაჭრობს ჟენევაში და 1999 წელს მიიღო შვეიცარიის მოქალაქეობა. მომღერალი ჯონი ჰოლიდეი 2006 წელს გადასახლდა შვეიცარიულ სამთო კურორტს გშტაადში. მედიის ინფორმაციით, ის შვეიცარიას გაცილებით მცირე გადასახადებს უხდის, ვიდრე საფრანგეთში იხდიდა.
ფრანგი ავტომრბოლელი, მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ლებიც შვეიცარიაში 2003 წელს გადასახლდა. თავისი გადასვლის მიზეზი კი სპორტსმენმა იმით ახსნა, რომ საფრანგეთში მსხვილი გადასახადებია, ხოლო სპორტსმენის კარიერა ძალიან ხანმოკლე. ცნობილი ფრანგი ჩოგბურთელი, ჟო-ვიფილდ ტსოგნიც 2008 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობს, იმავე მიზეზით. შვეიცარიაში გადასახლდნენ ჩოგბურთის ისეთი ვარსკვლავებიც, როგორებიც არიან: გი ფორჟე, ამელი მორესმო, რიშარ გასკე, ჟილ სიმონი, ფაბრის სანტორო, გელ მონფილი, სანდრინ პიოლინი, ანრი ლეკონტი და მარიონ ბარტოლი.
სხვა ცნობილი ფრანგები ბელგიის სამხრეთში მიდიან, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ფრანგულად ლაპარაკობს. ჟერარ დეპარდიემ ბელგიაში ბინა დეკემბერში შეიძინა. ბელგიაში გადასახლდა მონერების ოჯახიც, რომელიც სუპერმარკეტების ქსელ „კარფურს" ფლობს. ყველაზე მდიდარმა ფრანგმა, ბერნარ არნომ, რომელიც კომპანია LVMH-ის საკონტროლო პაკეტს ფლობს, გასული წლის სექტემბერში ბელგიის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო მსახიობი კრისტიან კლავიე, გასულ წელსვე ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.