კალიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ ტაფტის ერთ-ერთ სკოლაში სროლა ატყდა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. პირველი გასროლა ადგილობრივი დროით დაახლოებით ათ საათზე გაისმა. მოსწავლეები სასწრაფოდ იქნენ ევაკუირებულები სკოლის სიახლოვეს, საფეხბურთო მოედანზე. ცოტა ხანში, პოლიციამ მსროლელის დაკავება შეძლო - ის სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე აღმოჩნდა.
უკანასკნელი დღეების მანძილზე, აშშ-ში სკოლებში იარაღტან დაკავშირებული ინციდენტი უკვე მეორედ მოხდა. როგორც „ფოქს ნიუსი" იუწყება, ალაბამას ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში 13 წლის მოზარდი დაიჭირეს, რომელსაც ჩანთაში პისტოლეტი და დანა აღმოაჩნდა. მოზარდმა განმარტა, რომ ეს მას თავდასაცავად სჭირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაზე თავდასხმა მოხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკულ სკოლა „სენდი ჰუკში" ტრაგედია დატრიალდა. აუტიზმით დაავადებულმა 20 წლის ახალგაზრდამ 20 ბავშვი დახოცა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო აშშ-ში დისკუსია თემაზე, უნდა გამკაცრდეს თუ არა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაზე კონტროლი. პრეზიდენტტმა ობამამ, ამ საკითხის განსახილველად, სპეციალური კომისია შექმნა.