სირიელმა მეამბოხეებმა, რამდენიმედღიანი შტურმის შემდეგ, სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა „ტაფტანაზზე" შეჭრა მოახერხეს. ბაზა ქალაქ იდლიბიდან 15 კილომეტრშია განთავსებული.
„იუთუბზე" კი გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შეიარაღებული ოპოზიციონერები ბაზის ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა, სროლები ჯერ კიდევ გრძელდება. ბაზა ამ დროისათვის მთლიანად ბლოკირებულია და ვერტმფრენები აფრენას ვერ ახერხებენ.
თავად მეამბოხეების განცხადებით, შტურმის დროს მათ ადრე მოპოვებული საზენიტო ტყვიამფრქვევები, საარტილერიო იარაღი და ტანკები გამოიყენეს. მსხვერპლის შესახებ ამ დროისათვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამ ბაზის დაკავება მეამობოხეებისათვის დიდი წარმატება იქნება, რადგან სამ პროვინციაში სწორედ „ტაფტანაზზე" განთავსებული ვერტმფრენებიდან ბომბავდნენ. სახელისუფლო მედიამ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ტერორისტებმა" ბაზის აღება ვერ შეძლეს და სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა სათანადოდ იყო ხელისუფლების მიერ დაცული.