ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა ხელისუფლებების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომ სირია ქიმიური იარაღის საწყობებს ფლობს, ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
დასავლური პრესის ცნობით, დამასკოს სიახლოვეს ურანის საიდუმლო საცავია, საიდანაც ურანი, სავარაუდოდ, ირანში გადის.
ბრიტანული გაზეთი „Financial Times" იუწყება, რომ საცავში დაახლოებით 50 ტონამდე გაუმდიდრებელი ურანია განთავსებული. გაზეთი საიდუმლო ობიექტის თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ობიექტი მარჯ ალ-სულთანზე, სირიის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარეობს და მცირე ხნის წინ, იქ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა. გაზეთის აღნიშნავს, რომ ეს, შესაძლოა, ურანის მარაგის ტრანსპორტირებასთან იყოს დაკავშირებული.
იმასაც ვარაუდობენ, რომ ურანი სირიას დეირ-აზ-ზუბრში მდებარე საიდუმლო ბირთვული რეაქტორისათვის სჭირდებოდა, რომელიც ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 2007 წლის სექტემბერში გაანადგურეს. ექსპერტების შეფასებით, ურანის ის რაოდენობა, რომელსაც სირია ფლობს, სრულიად საკმარისია ხუთი ბირთვული ბომბის შესაქმნელად.