ირანის ხელისუფლებამ ყოფილი სენატორის, ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურას, პენტაგონის მომავალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მხარდაჭერა გამოუცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ასოშეითედ პრესი" ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჰეიგელი, რომელიც ცნობილია ირანის და ისრაელის საკითხებზე გაკეთებული განცხადებებით, ირანისადმი ლოიალურად განწყობილ პოლიტიკოსად მიიჩნევა.
ისლამური რესპუბლიკის მთავარი დიმპლომატიური უწყების მაღალჩინოსნების განცხადებით, ირანი იმედოვნებს, რომ ჰეიგელის აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დადებითი მიმართულებით განვითარდება.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩაკ ჰეიგელი პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა. როგორც ვარაუდოებენ, ჰეიგელის კანდიდატურას სენატში წინააღმდეგობა შეხვდება. მიზეზი კი სწორედ მისი პოზიციაა ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში. ჰეიგელის კანდიდატურის წინააღმდეგია ე.წ. ებრაული ლობიც, რომელიც აშშ-ის კონგრესში იმყოფება. თუმცა, თავად ჰეიგელი ირწმუნება, რომ ის ისრაელის სახელმწიფოს და მის პოლიტიკას მთლიანად უჭერს მხარს.