2013-2014 წლებში, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6 პროცენტი, ხოლო 2015 წლისათვის - 5 პროცენტი იქნება, ამის შესახებ საუბარია პარლამენტის დადგენილებაში „საქართველოს 2013-2015 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ". დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2013-2015 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტები: რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.
„2013-2015 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი რისკები ძირითადად არის ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე (ინფლაციის მოლოდინი, მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა)"- აღნიშნულია პარლამენტის დადგენილებაში.